logo
ENG



ბოკუჩავა: ხელისუფლების ინტერესი "კაგებეში" დაწერილი სცენარის განხორციელებაა

07 ივლ 202115:52
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ქართული ოცნების და შსს-ს განცხადებები თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული ფარისევლობაა. ამაზე ბოკუჩავამ გადაცემა კომენტარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი ქმედებები პრემიერმინისტრის მიერ იყო წახალისებული. ​

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლების ინტერესი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ქაოსია. 

"ის, რაც ახლა მოვისმინეთ შსს-ს მხრიდან და ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში იმ სასაკლაოს შესახებ, რომელიც თავად წაახალისეს და რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, თავად ღარიბაშვილის მიერ იყო ორგანიზებული, არის სრული ფარსი და ფარისევლობა. ის, რომ ეს ყველაფერი წახალისებული იყო ამას ჩემი რწმენა არ სჭირდება, ეს საჯაროდ იხილა მთელმა საზოგადოებამ, როდესაც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ძალადობრივი მოწოდებები გააკეთა და ხელი გაუხსნა ამ ძალადობას.

ამ ხელისუფლების ინტერესი არის ქაოსი, დესტაბილიზაცია და რუსეთში კაგებეში დაწერილი სცენარის განხორციელება ქვეყანაში. ევროკავშირის დროშის დაწვა, ტურისტების სასიკვდილოდ დაჭრა და სასიკვდილოდ დაჭრა იმისთვის, რომ ევროკავშირმა საერთოდ აღარ გამოიხედოს ამ ქვეყნისთვის და საბოლოოდ დასამარდეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - თქვა ბოკუჩავამ.

დღეს, 7 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ შეძლეს სამართალდამცავებმა ძალადობისგან მედიისა და მოქალაქეების დაცვა.

დარახველიძის მტკიცებით, თბილისი პრაიდის კვირეულის 1-ლი და 3 ივლისის ღონისძიებების ჩატარება მათ უსაფრთხოდ შეძლეს, თუმცა ღირსების მარშის დაცვა მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა.

5 ივლისს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ" პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა.

ღირსების მარშის ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე ძალადობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.


close დახურვა